აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ თუ იმ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებში არიან ჩართულები, გირჩის და ალეკო ელისაშვილის მიმართ მკაფიო პოზიციები არ ექნებათ, ევროპული საქართველო შეიძლება პროცესს გამოეთიშოს.
ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში ბობოხიძემ თქვა, რომ ეცდება, თავისი პარტიის შიგნით ეს პოზიცია დაიცვას.
"მე პარტიაში დავიცავ პოზიციას, რომ თუ მკაფიო პოზიცია არ ექნებათ მომლაპარაკებელ პარტიებს გირჩის და ელისაშვილის მოქმედების მიმართ, დროებით გამოვიდეთ ამ მოლაპარაკებიდან მარტივი მიზეზის გამო: თუ ჩვენ ვუშლით ხელს და თუ ნიკა მელია მართლა ფიქრობს, რომ გირჩთან ლაპარაკი უფრო მომგებიანი იქნება, ელაპარაკოს გირჩს და მისი საშუალებით - ქართულ ოცნებას. მე მიმაჩნია, რომ მკაფიო პოზიციები უნდა გვქონდეს - თუ ვართ პარტნიორები - ვითღაც თავს მესხმის საერთო საქმიანობის გამო და დანარჩენი თურმე გაიყურსება, ასე არ გამოვა". - თქვა ბობოხიძემ.
მანამდე ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ "არაფერი უდგას წინ მოქალაქეებთან და გირჩთან შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ გააცნოს თავისი პოზიცია" და რომ "არაფერს ახალს და განსხვავებულს მათ არ ეტყვის".
"მელიას ვითომ შემრიგებლური როლი აქვს. ვისთან ერთიანობის, იმ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ კობახიძის დავალებით მუშაობენ და მისი ტექსტებით ლაპარაკობენ? ოპოზიცია თურმე დამარცხდა ქართულ ოცნებასთან. ოპოზიციამ თურმე ვერ დავამტკიცეთ გაყალბებები, ოპოზიცია გაამტყუნეს შუამავლებმა. მართლა ასე ფიქრობს ნაციონალური მოძრაობა?". - ამბობს ბობოხიძე.
მისი თქმით, ის არ არის კმაყოფილი მელიას ამ განცხადებით.
"არა იმიტომ, რომ მან არ დაგვიცვა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ისე წარმოადგინეს, რომ თითქოს ვერ დადგებიან რომელიმეს მხარეს. ეს ბრძოლა ჩვენსა და ამ ჯგუფს შორის ბრძოლაა? 2 პოლიტიკურ სუბიექტს შორის ბრძოლაა თუ ბრძოლა იმისთვის, საით წავა პროცესში". - თქვა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი, ევროპული საქართველოს გარდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას აყენებს შეურაცხყოფას.
"ჩვენ ვართ, თურმე, პრინციპული დამცველები იმ პოზიციის, რაც გააჟღერა საჯაროდ ყველა პარტიამ. დანარჩენზე ელისაშვილი ამბობს, რომ ისინი თურმე საჯაროდ ლაპარაკობენ ერთს, იმიტომ, რომ ჩვენი გავლენის ქვეშ არიან და ჩუმად თურმე ძალიან წუხან და პარლამენტში შესვლა უნდათ. რაც, რა თქმა უნდა ტყუილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებს ნაციონალურ მოძრაობას, რომელზეც საერთოდ არაფერს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, რაღაც ურთიერთობები არის'. - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ევროპული საქართველო და მისი ლიდერები "საბოტაჟით არიან დაკავებულები და რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ", სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც აშანტაჟებენ. გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ელისაშვილმა ასევე დაადანაშაულა მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში.
მოგვიანებით, მოქალაქეებმა იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის გირჩთან ერთად, ოპოზიციას მიმართეს წინადადებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინაპირობა თვითმმართველობის არჩევნების შედეგი გახდეს - თუ ამ არჩევნებში ოპოზიცია ჯამურად გაიმარჯვებს, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
მანამდე კი, მოქალაქეები ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ.
სხვა ოპოზიციურ პარტიებსმ ელისაშვილისა და გირჩის ინიციატივა დადებითად არ შეუფასებიათ.
18 იანვარს გიორგი ვაშაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან მოლაპარაკების და მათი ინიციატივის განხილვის აზრს ვერ ხედავს. ვაშაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ახალი ინიციატივის დაყენება მოლაპარაკებებისთვის წამგებიანია, რადგან ქართული ოცნება, თავის მხრივ, არანაირი ინიციატივით არ გამოდის.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას განიხილავს.
2020 წლის 11 დეკემბერს X მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს. მანდატებზე ამ დრომდე უარი არ უთქვამთ მოქალაქეებისა და გირჩის ერთ-ერთი განაყოფის დეპუტატებს.